საგამოძიებო სამსახურმა აჭარაში, საცხოვრებელ სახლში ნებართვის გარეშე მოწყობილი სათამაშო ბიზნესის ობიექტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე აჭარის რეგიონში პასუხისგებაში მიეცა ორი პირი.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, საცხოვრებელ სახლში მოწყობილი ჰქონდათ სათამაშო ბიზნესის ობიექტი, საიდანაც, შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე, ინტერნეტის მეშვეობით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედი ინტერნეტკაზინოების ვებგვერდებზე გადაიცემოდა სხვადასხვა სახის აზარტული გათამაშების პროცესი.
დადგენილია, რომ ობიექტის ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტში სანებართვო მოსაკრებლის სახით უნდა შესულიყო 100 000 ლარი. გამოძიების პროცესში ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანი სრულად იქნა დაფარული“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
აღნიშნული კატეგორიის დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით.