საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წელს მეწარმე სუბიექტების მიერ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევისა და ტენდერზე ყალბი დოკუმენტაციის გამოყენების 36 ფაქტი გამოავლინეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მეწარმე სუბიექტები სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის პროცესში, დამკვეთი ორგანიზაციის მოთხოვნების დაკმაყოფილების და გამოცდილების დადასტურების მიზნით, სხვადასხვა სახის ყალბ დოკუმენტებს წარადგენდნენ. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტზე, საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა 27 მეწარმის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით დაიწყო.
პარალელურად, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლინდა ფაქტები, როდესაც სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე სუბიექტებს შორის ადგილი ჰქონდა წინასწარ შეთანხმებას და გარიგებას ტენდერზე წარსადგენ ფასებთან მიმართებაში. აღნიშნულმა ქმედებამ, შემსყიდველი ორგანიზაციების კანონიერი ინტერესის არსებითად დარღვევა გამოიწვია“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
უწყების ცნობით, აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 195-ე პრიმა მუხლით, პასუხისგებაში მიეცა 9 მეწარმე სუბიექტი.