საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ბიოლოგიური ნიმუშების აღებაზე კვლავ უარი განაცხადა
საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ბიოლოგიური ნიმუშების აღებაზე კვლავ უარი განაცხადა

საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის, ვასილ კაკაშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილმა პეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბიოლოგიური ნიმუშების აღებაზე კვლავ უარი განაცხადა. ამის შესახებ კაკაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კაკაშვილმა აღნიშნა, სურდა, რომ ნიმუშების აღებაზე პოზიცია პირადად სააკაშვილისგან მოესმინა.

„მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ჩვენთან თქვა, რომ სააკაშვილი უარს აცხდებდა სისხლის, თმისა და ფრჩხილის ნიმუშების აღებაზე. დღეს შევედით უშუალოდ მასთან, გვინდოდა ამ საკითხზე მისი პოზიციის დაფიქსირება.  ნიმუშების აღებაზე მიხეილ სააკაშვილმა დაგვიფიქსირა უარყოფითი პოზიცია“, – აღნიშნა კაკაშვილმა.

ამასთან, ვასილ კაკაშვილმა განმარტება გააკეთა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის მიერ გაგზავნილ წერილზე, სადაც აღნიშნულია, რომ დაცვის მხარე თანახმაა, მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზა ჩატარდეს უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით.

„ადვოკატმა განცხადება ჩამაბარა, თუმცა სრულად არ გავცნობივარ. გავეცნობით და მივიღებთ კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას. ვერ გეტყვით კონკრეტულად, რას ეყრდნობა ადვოკატის განცხადება. ჩვენ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომართვის საფუძველზე ვახორციელებდით ტოქსიკოლოგიური კვლევის ჩატარებაზე კონკრეტული ნიმუშების აღებას. ექსპერტიზის ბიუროს წერილითაც დასტურდება, რომ ისინი მზად იყვნენ,  ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ კვლევა აღნიშნული ნიმუშებით ჩაეტარებინათ“, – განაცხადა კაკაშვილმა.