საგამოძიებო სამსახურის ანგარიში - მიზანშეწონილია, შსს-მ გააუმჯობესოს დაკავებისას მოქალაქეთა უფლებების დაცვის სტანდარტები, გაზარდოს ვიდეომტკიცებულებათა გადმოცემის რაოდენობა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ანგარიშში საუბარია სამართალდამცავთა საქმიანობის ცალკეულ ტენდენციებზე და გამოძიებით დადგენილი ხარვეზების გამოსასწორებლად შესასრულებელ რეკომენდაციებზე.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გასცა, დაკავების სტანდარტების გაუმჯობესებასა და ნეიტრალური მტკიცებულებების გაზრდას ეხება.
„არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებში ფიგურირებს სულ 261 სავარაუდო მსხვერპლი, რომელთა 52% დაკავებული იყო სამართალდამცავების მიერ და მიუთითებდნენ ფიზიკური ძალის არაპროპორციულად და გადამეტებით გამოყენების შემთხვევებზე.
მიზანშეწონილია, შემუშავებული სახელმძღვანელო დოკუმენტის/სასწავლო მოდულისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, მაღალი სტანდარტით დაკავების ღონისძიების განსახორციელებლად შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეტაპობრივად და კასკადურად დაიწყოს იმ თანამშრომელთა გადამზადება, ვისაც უშუალოდ უწევთ პირის დაკავება ან/და გადაყვანა.
მოქალაქესა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი ინციდენტის ობიექტურად შესაფასებლად აუცილებელია ნეიტრალური მტკიცებულების არსებობა, რომლის საუკეთესო საშუალებასაც სამხრე ვიდეოკამერის ჩანაწერები წარმოადგენს.
მიზანშეწონილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების მხრიდან, სამხრე კამერების ეფექტური გამოყენებით, გაიზარდოს ნეიტრალური მტკიცებულების (ვიდეოჩანაწერის) მოპოვების შემთხვევები“, – აღნიშნულია ანგარიშში.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშში დადებითად არის შეფასებული, არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროდან შეტყობინებების შემოსვლის საკითხი, რასთან დაკავშირებითაც საანგარიშო პერიოდში რაიმე სახის შეფერხება არ დაფიქსირებულა.
კოკა კაციტაძის თქმით, 2022 წელს 10 თვის განმავლობაში სამსახურში შემოსული სავარაუდო დანაშაულის შესახებ შეტყობინებების ყველაზე დიდი ნაწილი (70%) სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროდან არის მიღებული.