საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იწყებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას და აცხადებს სტაჟიორთა კონკურსს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სტაჟირების კონკურსში მონაწილეობა შეეძლებათ უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე 21-30 წლის საქართველოს მოქალაქეებს.
მათივე ინფორმაციით, სტაჟიორთა შერჩევა მოხდება კონკურსის წესით. სტაჟიორები გაივლიან სამეტაპიან შესარჩევ კონკურსს: პროფესიულ ტესტირებას, ტესტირებას ზოგად უნარებში და გასაუბრებას. განაცხადების მიღება იწარმოებს მიმდინარე წლის 20 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით.
„სტაჟირების მსურველებმა უნდა შეავსონ საგამოძიებო სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.is.ge განთავსებულ სტაჟირების გრაფაში არსებული სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა და გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია.
სტაჟიორთა სწავლება ექვსთვიან პერიოდს მოიცავს. კონკურსში შერჩეული სტაჟიორები სტაჟირების განმავლობაში გაივლიან თეორიულ სწავლებას ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში და პრაქტიკულ კურსს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის რეგიონულ ოფისებში.
სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის რეგიონულ სამმართველოებში გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობებზე დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ. საგამოძიებო სამსახური სტაჟირების პროგრამას, ახალი კადრების მოზიდვისა და მათი პროფესიული განვითარების მიზნით, უკვე წლებია ახორციელებს“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.