საფრანგეთში პრესტიჟულ ერთდღიან კლასიკურ ველორბოლაზე (პარიზი-რუბე) ტრაგედია მოხდა. ბელგიელი ველომრბოლი მიხელ გოლაერტსი დისტანციის მსვლელობისას, დაცემის შედეგად გარდაიცვალა.
ველოსიპედიდან ჩამოვარდნისთანავე, 23 წლის სპორტსმენმა გონება დაკარგა. მოგვიანებით, ექიმებმა გულისა და სასუნთქი სისტემის გაჩერება დააფიქსირეს. გოლაერტსი ვერტმფრენით სასწრაფოდ გადაიყვანეს ქალაქ ლილის ჰოსპიტალში, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ერთდღიანი კლასიკური ველორბოლა პარიზი-რუბე ტექნიკურად ერთ-ერთ ყველაზე რთულ რბოლად არის მიჩნეული. დისტანციის დიდ ნაწილზე ველომრბოლებს ქვაფენილზე უწევთ სვლა. სპორტულ სამყაროში ამ რბოლას “ჩრდილოეთის ჯოჯოხეთს” ან “ურთულესს ურთულესთა შორის” უწოდებენ.