საფრანგეთში საქართველოს ელჩი - საფრანგეთი გვპირდება, რომ ჩვენ გვერდით იქნება მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ პერიოდში, რათა საქართველომ იგრძნოს ევროპელი მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერა
საფრანგეთში საქართველოს ელჩი - საფრანგეთი გვპირდება, რომ ჩვენ გვერდით იქნება მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ პერიოდში, რათა საქართველომ იგრძნოს ევროპელი მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერა

საფრანგეთში საქართველოს ელჩის, გოჩა ჯავახიშვილის განცხადებით, ბერლინში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ელჩებმა ერთმანეთს გაუზიარეს, რა პოზიციები აქვთ საქართველოსთან მიმართებაში იმ ქვეყნებს, რომლებშიც ისინი დიპლომატიურ სამსახურს ასრულებენ.

„ძალიან ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რათა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს ელჩები შევკრებილიყავით და ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა, თუ ადგილსამყოფელ ქვეყანაში რა პოზიციებია, როგორია მხარდამჭერი გზავნილები, რა კითხვები არსებობს კიდევ საქართველოს ევროინტეგრაციის კურსთან დაკავშირებით. ბევრი რამ ერთმანეთს გავუზიარეთ, არის გარკვეული სიახლეები. ჩვენი ამ კოორდინაციისთვის, რომ ერთობლივი, გააზრებული პოლიტიკით წავიწიოთ წინ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამ შეკრების ფარგლებში საშუალება მოგვეცა, უკეთესად გაგვეაზრებინა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პოზიციები“, – განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, უკრაინის ომის ფონზე შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარების შემდეგ საფრანგეთი, ფაქტობრივად, რადიკალურად შეცვლილი პოზიციით გამოდის და მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ოფიციალურადაც თქვა საფრანგეთმა, რომ ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის, თუმცა არის კიდევ დარჩენილი რეფორმები, რომელიც ბოლომდეა მისაყვანი.

„მოგეხსენებათ, რომ საფრანგეთი, ტრადიციულად, გარკვეულწილად სკეპტიკოს ქვეყნებს შორის იყო ისტორიულად, მაგრამ ბოლო პერიოდში, რასაკვირველია, უნდა აღვნიშნოთ, რომ უკრაინის ომმა შეცვალა გეოპოლიტიკური რეალობა, მათ შორის, დამოკიდებულება, და საფრანგეთიც, ფაქტობრივად, რადიკალურად შეცვლილი პოზიციით, მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ბოლო დროს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტიც ამის დასტური იყო. ოფიციალურადაც გვითხრა საფრანგეთმა, რომ ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის, თუმცა არის კიდევ დარჩენილი რეფორმები, რომლებიც ბოლომდეა მისაყვანი, ხოლო განწყობა არის პოზიტიური. ის, რომ საფრანგეთი ხედავს, როგორია მოსახლეობის განწყობა, ხედავს, როგორია მცდელობა ჩვენი სამინისტროსი, საელჩოების, ჩვენი მთავრობის, რომ ეს საქმე ბოლომდე, წარმატებით იქნას მიყვანილი, საფრანგეთი გვპირდება, რომ ჩვენ გვერდით იქნება, საქართველოს გვერდით იქნება ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ პერიოდში, რათა საქართველომ იგრძნოს ევროპელი მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერა ამ პოლიტიკაში“, – განაცხადა გოჩა ჯავახიშვილმა.