დღეს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობისთვის 12 კანდიდატი იბრძოლებს. გამოკითხვების თანახმად, გამარჯვების საუკეთესო შანსები მოქმედ პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერს, მარინ ლე პენს და მემარცხენე ჟან ლიუკ მელენშონს აქვთ.
ფრანგები სახელმწიფოს მეთაურს ხუთწლიანი ვადით აირჩევენ. იმ შემთხვევაში, თუ პირველ ტურში ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას, ჩატარდება მეორე ტური.
ამომრჩეველთა სიებში 49 მილიონამდე ფრანგია. საფრანგეთში 70 000-მდე საარჩევნო უბანი მუშაობს, ისინი დილის 08:00 საათზე გაიხსნა და საფრანგეთის უმეტეს კომუნებში ხმის მიცემა 19:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
დიდ ქალაქებში, მათ შორის პარიზში, ლიონში, მარსელში, ნიცასა და ტულუზაში საარჩევნო უბნები 20:00 საათამდე იქნება ღია.