საფრანგეთში პოლიციასა და გარემოსდამცველ აქტივისტებს შორის შეტაკებისას ერთი სამართალდამცველი და ხუთი მომიტინგე დაშავდა
საფრანგეთის დასავლეთ ნაწილში, საპორტო ქალაქ ლა როშელში პოლიციასა და წყლის რეზერვუარების მშენებლობის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს შორის შეტაკებისას ერთი სამართალდამცველი და ხუთი მომიტინგე დაშავდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პოლიციამ ოთხი ათასამდე დემონსტრანტის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დაკავებულია შვიდი ადამიანი.
არეულობის დროს დაზიანებულია რამდენიმე მაღაზია. დემონსტრაციაში გარემოსდამცველი აქტივისტები და ანარქისტთა ჯგუფები მონაწილეობდნენ.
„რადიკალური, ულტრამემარცხენე მონაწილეები თავს დაესხნენ კერძო საკუთრებას და დაარბიეს სუპერმარკეტი. რთულია, დაინახო კავშირი გარემოს დაცვასთან“, – წერს საფრანგეთის შს მინისტრი ჟერალდ დარმანინი სოციალურ ქსელში.
წყლის რეზერვუარებში ზამთრის პერიოდში წყლის დაგროვება უნდა მოხდეს, რათა მშრალი ზაფხულის პერიოდში ნათესების მოსარწყავად გამოიყენონ. რეზერვუარების შევსება გრუნტის წყლის ამოქაჩვით უნდა მოხდეს, თუმცა პროექტის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ გრუნტის წყლის ღია სივრცეში დაგროვება მის აორთქლებას და გარემოს დაბინძურებას გამოიწვევს.