საფრანგეთში პოლიციამ გარემოსდამცველი აქტივისტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
საფრანგეთის დასავლეთ ნაწილში პოლიციამ გარემოსდამცველი აქტივისტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რომლებიც სოფლის მეურნეობისთვის წყლის რეზერვუარების მშენებლობას აპროტესტებენ.
აქტივისტები დემონსტრაციას, უკვე მეორე დღეა, მართავენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით ქალაქ ლა-როშელის პორტში მივიდნენ, სადაც მათ მობილიზებული პოლიცია დახვდათ.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, წყლის გიგანტურ აუზებში, რომელთა მშენებლობას მეტწილად საფრანგეთის ხელისუფლება აფინანსებს, ზამთრის პერიოდში წყლის დაგროვება უნდა მოხდეს, რათა მშრალი ზაფხულის პერიოდში ნათესების მოსარწყავად გამოიყენონ.
რეზერვუარების შევსება გრუნტის წყლის ამოქაჩვით უნდა მოხდეს, თუმცა პროექტის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს აზრს მოკლებული იქნება, თუკი ზამთრის პერიოდში საკმარისი ნალექი არ მოვა.
გარდა ამისა, მოწინააღმდეგეების მტკიცებით, გრუნტის წყლის ღია სივრცეში დაგროვება მის აორთქლებას და დაბინძურებას გამოიწვევს.
ამავე რეგიონში ანალოგიური პროექტის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები და პოლიციასთან დაპირისპირება 2023 წლის მარტშიც გაიმართა.