საფრანგეთს ევროკავშირში გაწევრიანების წესების შეცვლა სურს. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საფრანგეთმა ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებს გაუგზავნა არაოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც პარიზი ევროკავშირში ახალი წევრების მიღების პროცედურების გადახედვისკენ მოუწოდებს.
მოქმედი წესებით, ევროკავშირის ქვეყნები უნდა შეთანხმდნენ ახალი წევრის მიღების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე. ამის შემდეგ, კანდიდატმა ქვეყანამ უნდა იმუშაოს ევროკომისიასთან, თავისი კანონმდებლობის ევროკავშირთან შესაბამისობაში მოსაყვანად. უნდა მოხდეს გაწევრიანების შეთანხმების შედგენა, რომელიც ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს. აღნიშნული დოკუმენტის თითოეული წევრი ქვეყნის რატიფიცირება იქნება საჭირო.
საფრანგეთის ინიციატივის თანახმად კი, იქნება შვიდეტაპიანი პროცესი უფრო მკაცრი პირობებით, ევროპულ ნორმებთან და სტანდარტებთან უფრო მეტად ეფექტიანი დაახლოებისთვის.
ამასთან, პარიზის გეგმა ითვალისწინებს ე.წ. გადახედვის მექანიზმს, რაც ევროკავშირს საშუალებას მისცემს, შეწყვიტოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, თუ კანდიდატი ქვეყნის მთავრობა ევროკავშირის სტანდარტებს გადაუხვევს.
საფრანგეთის მიერ შეთავაზებული დოკუმენტის თანახმად, ინტეგრაციის პროცესი ეტაპობრივი იქნება და თითოეული ეტაპის გავლის შემდეგ კანდიდატი ქვეყნის წინაშე გაიხსნება ევროკავშირის პროგრამებში, გარკვეულ სექტორალურ პროექტებში მონაწილეობის და ზოგიერთ შემთხვევაში კონკრეტული მიზნობრივი ფინანსებისადმი წვდომის საშუალება.
აღნიშნული ინიციატივით, საფრანგეთი მას შემდეგ გამოვიდა, რაც პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროკავშირის ლიდერების ბოლო სამიტზე ჩრდილოეთ მაკედონიასა და ალბანეთთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების დაბლოკვას დაუჭირა მხარი. როგორც „პოლიტიკო“ წერს, საფრანგეთი ევროკავშირის ერთადერთი წევრი არ ყოფილა, რომელიც ბალკანეთის ამ ქვეყნებთან აღნიშნული მოლაპარაკებების დაწყების წინააღმდეგი იყო, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და აქტიური იყო.