საფრანგეთმა ტონგა დაამარცხა და მეოთხედფინალში ადგილი დაიბევა | იაპონია 2019
იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე კიდევ ერთი მეოთხედფინალისტი გაირკვა. ეს არის საფრანგეთის ნაკრები, რომელმაც ტონგა 23:21 დაამარცხა და უახლოეს მდევარ არგენტინისთვის მიუწვდომელი გახდა.
მატჩი „ლურჯებსა“ და „იკალე ტაჰის“ შორის საკმაოდ დაძაბული გამოდგა. თავდაპირველად ფრანგები დომინირებდნენ და მატჩის 34-ე წუთისთვის ანგარიში 17:0 იყო მათ სასარგებლოდ, თუმცა პირველი ნახევრის ბოლოს და მეორე ნახევრის დებიუტში ტონგელებმა ორჯერ შეძლეს მეტოქის ჩათვლის მოედანზე ბურთის დამიწება და ანგარიში 17:14 გახადეს.
ამის შემდეგ, ფრანგებმა ორი საჯარიმოთი გაზარდეს სხვაობა, თუმცა 79-ე წუთზე ტონგელები ისევ დაბრუნდნენ თამაშში და ერთი ლელოთი ანგარიში ორ ქულამდე შეამცირეს – 23:21.
დარჩენილ მცირე დროში კუნძულელებმა ვეღარაფერი გააწყვეს და საფრანგეთმა მძიმე ბრძოლაში მოახერხა გამარჯვება.
ამ მატჩის შემდეგ ფრანგებს 13 ქულა დაუგროვდათ, უახლოეს მდევარ არგენტინას 7 ქულით გაუსწრეს და მეოთხედფინალში ადგილი გაინაღდეს.