საფრანგეთმა „ტელეგრამის“ დამფუძნებლის, პაველ დუროვის წინასწარი დაკავების ვადა კიდევ 48 საათით გაახანგრძლივა
საფრანგეთის სასამართლომ სოციალური პლატფორმა „ტელეგრამის“ დამფუძნებლის, პაველ დუროვის წინასწარი დაკავების ვადა კიდევ 48 საათით გაახანგრძლივა.
პაველ დუროვი საფრანგეთის ლე ბურჟეს აეროპორტში 24 აგვისტოს აიყვანეს და დასაკითხად განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც დაყოვნების კანონით განსაზღვრული მაქსიმალური დრო 96 საათია. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, მას ბრალი უნდა წაუყენონ ან გაათავისუფლონ.
„ტელეგრამში“ აცხადებენ, რომ დუროვს დასამალი არაფერი აქვს. გამოძიება „ტელეგრამთან“ დაკავშირებით მიმდინარეობს. გამოძიების აზრით, მოდერატორების ნაკლებობისა და სამართალდამცველებთან თანამშრომლობის არარსებობის გამო, პლატფორმა გზას უხსნის კრიმინალურ მოქმედებებს. ასევე, შესაძლო ბრალდებებს შორისაა ტერორიზმი, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია, თაღლითობა, ფულის გათეთრება და დანაშაულის დაფარვა.
რუსეთში დაბადებულ 39 წლის მილიარდერს არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საფრანგეთის მოქალაქეობა აქვს და ძირითადად, რუსეთსა და საამიროებში ცხოვრობს.