საფრანგეთმა რუსეთში თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი გადადო
საფრანგეთმა რუსეთში თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი გადადო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერზე, ანიეს ფონ დერ მიულზე დაყრდნობით ავრცელებს.
საფრანგეთისა და რუსეთის თავდაცვისა და საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა მოსკოვში 14 სექტემბერს უნდა გამართულიყო.
„შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით და რუსეთის ხელისუფლებასთან აზრთა გაცვლის შემდეგ, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხზე რუსეთ-საფრანგეთის საბჭოს შეხვედრა გადაიდო“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
საფრანგეთის საგარეო უწყებაში შეხვედრის გადადების მიზეზი არ დაუკონკრეტებიათ, თუმცა სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, რომ საფრანგეთსა და რუსეთს შორის სტრატეგიული მოლაპარაკებების გადადების მიზეზი რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის საქმე გახდა.
გასულ ხუთშაბათს, 3 სექტემბერს საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვში 14 სექტემბერს მოლაპარაკებები გაიმართება. თუმცა რამდენიმე დღეში საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა რუსეთს ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებები მოსთხოვა. დიპლომატის განცხადებით, შექმნილ გარემოებებში რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვა საფრანგეთის მიმართ ნდობას შეამცირებს.