საფრანგეთმა რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრს, სენატორ სულეიმან კერიმოვს ბრალდება მოუხსნა
საფრანგეთის ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრს, სენატორ სულეიმან კერიმოვს ბრალდება მოუხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ სენატორის ადვოკატი ადასტურებს.
რუსული მედიის ინფორმაციით, სულეიმან კერიმოვს ყველა ბრალდება მოუხსნეს და უახლოეს დროში მას პასპორტსა და გირაოს დაუბრუნებენ.
სენატორი სულეიმან კერიმოვი ნიცის აეროპორტში 2017 წლის 20 ნოემბერს დააკავეს. საფრანგეთის ხელისუფლება მას ლაჟვარდოვან სანაპიროზე უძრავი ქონების შეძენისას გადასახადებისგან თავის არიდებასა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებდა.
მოგვიანებით, კერიმოვი 40 მილიონი ევროს ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და საფრანგეთის დატოვება აუკრძალეს. ის ამ პერიოდის განმავლობაში ალპებში ცხოვრობდა, თუმცა სასამართლოს ნებართვით რამდენჯერმე იმყოფებოდა რუსეთში.
სულეიმან კერიმოვი 2008 წლიდან რუსეთის ფედერაციის საბჭოში დაღესტანს წარმოადგენს. რუსული „ფორბსის“ მილიარდერების რეიტინგში 2017 წლის მონაცემებით, კერიმოვი 21-ე ადგილს იკავებს, მის ქონებას ჟურნალი 6,3 მილიარდ დოლარად აფასებს. კერიმოვების ოჯახს ეკუთვნის კომპანია „პოლიუსის“ აქციების 82,44%, ასევე მაჰაჩყალას საერთაშორისო აეროპორტი.