საფრანგეთმა „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მხარდაჭერით ახალი ქსელი შექმნა, რომლის მიზანია ნარკოტიკების საერთაშორისო უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაციის გაუმჯობესება
საფრანგეთმა „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების მხარდაჭერით ახალი ქსელი შექმნა, რომელიც მსხვილ პორტებს, საბაჟო სამსახურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გააერთიანებს. ინიციატივის მიზანია ნარკოტიკების საერთაშორისო უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაციის გაუმჯობესება და შესაბამისი ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა.
„როიტერის“ ცნობით, საფრანგეთმა ინიციატივა ოფიციალურად 9-10 ნოემბერს პარიზში, „დიდი შვიდეულის“ (G7) წევრი ქვეყნების, ბრიტანეთის, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიისა და აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში წარადგინა.
ქსელი 14 პორტს მოიცავს და აერთიანებს G7-ის წევრ ქვეყნებს, ასევე ბრაზილიას, სამხრეთ კორეას, მსხვილ საერთაშორისო პორტებსა და ისეთ ორგანიზაციებს, როგორებიცაა ინტერპოლი, გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისი, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია.
„ამ საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით შეგვიძლია, გავაძლიეროთ ის მნიშვნელოვანი ძალისხმევა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა შესაბამისი უწყებები უკვე ახორციელებენ ჩვენი საზოგადოებისთვის სერიოზული ზიანის მომტან პრობლემასთან საბრძოლველად“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ პრესკონფერენციაზე.
ინიციატივა ითვალისწინებს სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობას, პორტებსა და საბაჟო უწყებებს შორის ოპერატიული თანამშრომლობის გაღრმავებას, ნარკოტიკების გადაზიდვის მარშრუტების გამოვლენას, კრიმინალური ორგანიზაციების მიერ გამოყენებული კონტეინერების უკეთ იდენტიფიცირებას და საზღვაო, საბაჟო და სამართალდამცავ უწყებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებას.