საფრანგეთმა, დანიამ და ნიდერლანდებმა ევროკავშირში ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის გაწევრიანება დაბლოკეს
საფრანგეთმა, დანიამ და ნიდერლანდებმა ევროკავშირში ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის გაწევრიანება დაბლოკეს.
ჟან-კლოდ იუნკერმა, რომელმაც ევროკომისიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ბოლო სამიტი ჩაატარა, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ისტორიული შეცდომა უწოდა. ევროკავშირის სამიტზე გაფართოების აქტიური მოწინააღმდეგე იყო საფრანგეთის პრეზიდენტი. ემანუელ მაკრონი აცხადებდა, რომ ევროკავშირის გაფართოების პროცესი ცვლილებებს საჭიროებს.
ევროკავშირში აცხადებდნენ, რომ თუ ჩრდილოეთ მაკედონია ქვეყნის სახელწოდებასთან დაკავშირებით საბერძნეთთან არსებულ დავას გადაწყვეტდა, მისი გაწევრიანების პროცესი მნიშვნელოვნად დაჩქარდებოდა.
ჩრდილოეთ მაკედონიის და ალბანეთის ევროკავშირში გაწევრიანებას, სამიტზე აქტიურად უჭერდნენ მხარს პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი.
გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებას მხარს უჭერდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც. გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა თქვა, რომ დაპირებების გაცემისას ევროკავშირი სანდო უნდა იყოს და სტანდარტების დაწესებისას პასუხები – პროგნოზირებადი. ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ნიკოლა დიმიტროვის განცხადებით, თუ დასავლეთ ბალკანელების ევროპულ მომავალზე მეტი კონსენსუსი არ არის და თუ თესალონიკის 2003 წლის დაპირება არ მუშაობს, მოქალაქეებმა ამის შესახებ უნდა იცოდნენ.
ჩრდილოეთ მაკედონია და ალბანეთი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები 2005 და 2014 წლებში გახდნენ.