საფრანგეთმა და გერმანიამ რუსეთი დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევაში დაადანაშაულეს
საფრანგეთმა და გერმანიამ რუსეთი დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევაში დაადანაშაულეს. საქმე ეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პარიზს, ბერლინსა და მოსკოვს შორის უკრაინის საკითხზე კონფიდენციალური მიმოწერის გასაჯაროებას.
საფრანგეთი და გერმანია აცხადებდნენ, რომ დონბასის საკითხზე ე.წ. ნორმანდიული ოთხეულის ფორმატში დიპლომატების შეხვედრის ჩატარება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის უარის გამო ვერ მოხერხდა.
თავის მხრივ, რუსეთის მთავრობაში ამტკიცებენ, რომ დიპლომატიური მიმოწერის გასაჯაროება იმის გამო გადაწყვიტეს, რომ დასავლეთი დონბასის საკითხზე მოლაპარაკებების შესახებ რუსეთის პოზიციის არასწორ ინტერპრეტაციას ახდენდა და ლავროვს შეხვედრაზე უარი არ უთქვამს, არამედ უბრალოდ შეთავაზებულ პერიოდში დრო არ ჰქონდა.
„ჩვენ მივიჩნევთ, რომ რუსეთის მიერ დიპლომატიური მიმოწერის გასაჯაროება ეწინააღმდეგება დიპლომატიურ პროტოკოლსა და წესებს“, – ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის საგარეო უწყებაში გააკეთეს.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კი თქვა, რომ რუსეთის მიერ გასაჯაროებული მიმოწერა არსებითად არაფერს ცვლის, რადგან უკრაინის საკითხზე შეხვედრა მაინც არ შედგა.
„მე არაფერი გამკვირვებია. ჩემს წერილებს გაზეთებში ხშირად ვკითხულობ. დასამალი არაფერი გვაქვს“,- განაცხადა მერკელმა.
გერმანიის კანცლერმა ასევე თქვა, რომ პუტინს პირადად სთხოვა უკრაინის საკითხზე ნორმანდიული ოთხეულის წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრა მისი კანცლერობის პერიოდში შემდგარიყო, თუმცა ეს არ მოხდა.