საფრანგეთმა და ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც კალეში მიგრანტების საკითხის მოგვარებას დააჩქარებს
საფრანგეთმა და ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც კალეში მყოფი მიგრანტების საკითხის მოგვარებას დააჩქარებს, – ამის შესახებ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დიდ ბრიტანეთში ვიზიტისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეისთან მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც სენდჰარსტის სამეფო სამხედრო აკადემიაში გაიმართა, მაკრონმა აღნიშნა, რომ მათ მიერ შედგენილი ხელშეკრულება მიგრანტების საკითხს უფრო ჰუმანური მიდგომით გადაჭრის და მეტად ეფექტურიც იქნება.
ამასთან, მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთი ბრექსიტის შემდგომი სავაჭრო გარიგებების ფინანსურ ნაწილში ბრიტანეთის მოთხოვნებს აღარ მიიღებს.
თავის მხრივ, ტერეზა მეიმ ორი ქვეყანას შორის არსებული განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
კალეს საზღვართან არსებული მიგრანტების ბანაკის შესახებ მიღებული ხელშეკრულება ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველი ორმხრივი დოკუმენტია, რომელიც ამ საზღვრის საკითხს დაარეგულირებს.
ხელშეკრულების მიხედვით, კალეში მყოფი მიგრანტების მოლოდინის დრო მნიშვნელოვნად შემცირდება. თუ აქამდე ბრიტანეთში გადასვლის მოლოდინში მიგრანტები კალეს ბანაკში 6 თვეს ატარებდნენ, ახლა გადასვლას 1 თვეში შეძლებენ, ბავშვები კი – 25 დღეში.