იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე დღეს მორიგი მატჩი ამერიკის შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის ნაკრებებმა გამართეს.
მიუხედავად იმისა, რომ ფრანგები უპირობო ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, მატჩის დიდმა ნაწილმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა და 67-ე წუთისთვის ანგარიში მხოლოდ 12:9 იყო ევროპელების სასარგებლოდ. მიუხედავად ამისა, მატჩის ბოლო 13 წუთის განმავლობაში, კლასმა მაინც თავისი გაიტანა და საბოლოოდ, მატჩი ანგარიშით 26:9 დასრულდა „მამლების“ სასარგებლოდ.
ამ მოგებით საფრანგეთმა ცხრა ქულა დააგროვა და C ჯგუფში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. მას ერთი ქულით ინგლისი უსწრებს, მესამეზე კი, ექვსი ქულით, არგენტინის ნაკრებია.
ამ ჯგუფის ცენტრალური მატჩი ინგლისსა და საფრანგეთს შორის 12 ოქტომბერს გაიმართება.