საფრანგეთისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებს შორის 2022 წლის შემდეგ პირველი საუბარი შედგა
საფრანგეთისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, – ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. როგორც საფრანგეთის თავდაცვის უწყების პრესრელიზშია აღნიშნული, ეს რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს, სებასტიან ლეკორნუს შორის 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველი სატელეფონო საუბარი იყო.
„საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა მკაცრად დაგმო „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ 22 მარტს მოსკოვის მახლობლად განხორციელებული თავდასხმა და გამოხატა საფრანგეთის სოლიდარობა მსხვერპლთა და მათი ოჯახების მიმართ. ლეკორნუმ დაადასტურა, რომ საფრანგეთს არ აქვს ინფორმაცია ამ თავდასხმასა და უკრაინას შორის კავშირის შესახებ. მან მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს ამ ტერაქტის სხვა მიზნებისთვის გამოყენება. მინისტრმა ასევე უპირობოდ დაგმო აგრესიული ომი, რომელიც რუსეთმა წამოიწყო უკრაინაში და გაიმეორა, რომ საფრანგეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლისთვის, რათა მშვიდობა და უსაფრთხოება დაამყაროს ევროპის კონტინენტზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.