საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და ირანის პრეზიდენტ ჰასან როუჰანის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ელისეს სასახლის პრესსამსახური იტყობინება.
როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, საფრანგეთის პრეზიდენტმა ირანის ლიდერს მოუწოდა, შეინარჩუნოს სიმშვიდე და გამოიჩინოს გონიერება იმ პროცესებთან მიმართებაში, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს.
როგორც ელისეს სასახლის პრესსამსახური იუწყება, ემანუელ მაკრონმა და ირანის ლიდერმა ჰასან როუჰანიმ სატელეფონო საუბრისას მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ივ ლე დრიანის 5 იანვარს დაგეგმილი ვიზიტი, შემდგომი პერიოდისთვის გადაეტანათ.
ორი ქვეყნის პრეზიდენტის სატელეფონო საუბარი მას შემდეგ შედგა, რაც 2 იანვარს, ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ, თხოვნით მიმართა ემანუელ მაკრონს მიეღო გადამწყვეტი ზომები იმ ირანულ პოლიტიკურ ოპონენტებთან მიმართებაში, რომლებიც საფრანგეთში ცხოვრობენ და ოპოზიციურ პოლიტიკურ მოღვაწეობას ახორციელებენ.
“ჩვენ კრიტიკულად ვუდგებით იმ ფაქტს, რომ საფრანგეთში მოქმედებს ტერორისტული ჯგუფი, რომელიც მოღვაწეობს ირანელი ხალხის წინააღმდეგ და მათ ძალადობისკენ მოუწოდებს. საფრანგეთის ხელისუფლებისგან მოველით, რომ ისინი მიიღებენ გადამჭრელ ზომებს ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ”, – ნათქვამია პრეზიდენტ როუჰანის მიმართვაში, რომელიც სააგენტო “ფრანს პრესმა” გაავრცელა.
სააგენტო “ფრანს პრესი” ასევე წერს, რომ ირანის ხელისუფლებას მხედველობაში ჰქონდა ირანული ოპოზიციური, მემარცხენე ცენტრისტული ორგანიზაცია “ირანელი ხალხის მოჯაჰედთა გაერთიანება”, რომელთაც 1981 წლის 30 აგვისტოს, ირანის მეორე პრეზიდენტი მოჰამედ ალი რაჯანი და პრემიერმინისტრი მოჰამად ჯავადა ბაჰონარა მოკლეს.