საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინის საზღვრებთან დაძაბულობის ფონზე, საფრანგეთი რუმინეთში რამდენიმე ასეული სამხედროს გაგზავნას გეგმავს
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, ფლორენს პარლის განცხადებით, საფრანგეთი აღმოსავლეთ ფლანგზე ნატო-ს შეიარაღებული ძალების განლაგების ფარგლებში, რუმინეთში რამდენიმე ასეული ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
მისი თქმით, რუსეთ-უკრაინას შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, უკრაინასთან მოსაზღვრე რუმინეთი მაღალი დაძაბულობის ზონად მიიჩნევა, რომელიც გაძლიერებას საჭიროებს.
ფლორენს პარლის განცხადებით, გასულ ხუთშაბათს სწორედ ზემოაღნიშნული საკითხის განსახილველად იმყოფებოდა ვიზიტით რუმინეთში, ხოლო უახლოეს დღეებში ამ საკითხის განხილვა ნატო-ს წევრ ქვეყნებთან იგეგმება.
ამასთან, რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუილ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი საჭიროების შემთხვევაში მზადაა, ნატო-ს ახალ მისიების განხორციელებას უხელმძღვანელოს, მათ შორის რუმინეთში.