საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ საფრანგეთი უკრაინას დამატებით 12 თვითმავალ ჰაუბიცა „სეზარს“ გადასცემს
საფრანგეთი უკრაინას დამატებით 12 თვითმავალ ჰაუბიცა „სეზარს“ გადასცემს. ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნიუმ გააკეთა.
მანამდე საფრანგეთმა უკრაინას 18 მსგავსი ჰაუბიცი გადასცა.
როგორც საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა უკრაინელ კოლეგასთან, ალექსეი რეზნიკოვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დამატებით შეიარაღებას უკრაინაში უახლოეს კვირებში ჩაიტანენ. „სეზარი“ 155-მილიმეტრიანი კალიბრის მქონე თვითმავალი ჰაუბიცაა, რომელიც 40 კილომეტრის მანძილზე მოქმედებს. ანალოგიური ჰაუბიცების გადაცემას უკრაინას დანიაც დაპირდა.
„ამ შეხვედრისთვის მზადებისას და ასევე ამ საკითხზე საფრანგეთის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ, შემიძლია, გამოვაცხადო, რომ ჩვენი მხარდაჭერის ფონდი მოგვცემს საშუალებას, უკრაინას დამატებით 12 ჰაუბიცა „სეზარი“ გადავცეთ“, – განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა.
სებასტიან ლეკორნიუმ ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთი უახლოეს ხანში პოლონეთში გააგზავნის 150 ფრანგ სამხედრო ინსტრუქტორს, რომლებიც ზაფხულამდე 2 000 უკრაინელ ჯარისკაცს გაწვრთნიან.
უკრაინისა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრების მიერ გამართულ შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო უკრაინისთვის თანამედროვე თვითმფრინავების გადაცემის შესაძლებლობას. როგორც საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, პარიზი კიევისთვის თვითმფრინავების მიწოდებას არ გამორიცხავს.
„ჩვენი სამხედრო დოქტრინა მკაფიოა. არ არსებობს ტაბუ უკრაინისთვის თვითმფრინავების მიწოდებასთან დაკავშირებით. ამიტომ მინისტრი რეზნიკოვი ჩამოვიდა პარიზში უკრაინის გენშტაბის წევრების ნაწილთან ერთად, რათა დეტალურად ისაუბროს უკრაინელი სამხედროების საჭიროებებზე, რისი ნაწილიც გახლავთ ავიაციაც“, – განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა.