საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ კიევი Mirage 2000-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებს 2025 წლის დასაწყისში მიიღებს
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უკრაინა Mirage 2000-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებს 2025 წლის დასაწყისში მიიღებს.
როგორც სებასტიან ლეკორნიუმ სოციალურ ქსელ „იქსში“ დაწერა, კიევისთვის გადასაცემი ავიაგამანადგურებლები კაზოსა და ჟირონდის ქარხნებში აღიჭურვება რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებითა და „ჰაერი-მიწა“ რაკეტებით.
მისი თქმით, კიევისთვის თვითმფრინავების მიწოდება 2025 წლის პირველ კვარტალშია დაგეგმილი.
„უკრაინელი პილოტებისა და მექანიკოსების მომზადება გრძელდება“, – აღნიშნა მინისტრმა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კიევი ფრანგულ გამანადგურებლებს მიიღებს, ივნისში გახდა ცნობილი.
Mirage 2000-5 F არის 1980-იანი წლებში გამოშვებული გამანადგურებლის მოდერნიზებული მოდელი, რომლებსაც აქვთ გაუმჯობესებული რადარი, კაბინა ციფრული დისპლეებით, გააჩნია შეიარაღების დაკიდების ცხრა წერტილი და შეუძლია 6,3 ტონა ტვირთის ტარება.