საფრანგეთის სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება იკრძალება. საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება 2018 წლის პირველ სექტემბერს შევა ძალაში. შეზღუდვა 6-დან 15 წლამდე მოსწავლეებზე გავრცელდება და საფრანგეთის უკლებლივ ყველა სკოლაზე გავრცელდება.
დღესდღეობით, არსებული წესის თანახმად, საფრანგეთის სკოლებში მობილური ტელეფონებით სარგებლობა საკლასო ოთახებში შეზღუდულია. მომავალი სასწავლო წლიდან წესები გამკაცრდება. მოსწავლეები ტელეფონების გამოყენებას ვერ შეძლებენ საკლასო ოთახებში, შესვენების დროს და სკოლის სასადილოში.
განათლების სამინისტროს წარმომადგენლების აზრით, ახალი წესი დისციპლინასაც შეუწყობს ხელს და ცოდნის მიღების დროს მოსწავლეებს ყურადღების კონცენტრირებაში დაეხმარება. ტელეფონების აკრძალვა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო.
„მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ჩვენ ტელეფონებს ვინახავთ. ვფიქრობ, რომ ეს სკოლებშიც შესაძლებელია. ბავშვების უმრავლესობა სკოლაში შესვენების დროს არ თამაშობს, მოსწავლეებს შორის ნაკლები კომუნიკაციაა და მათი უმრავლესობა ტელეფონის ეკრანზეა ორიენტირებული“, – განაცხადა საფრანგეთის განათლების მინისტრმა ჟან -მიშელ ბლანკერმა.