საფრანგეთის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც საპროტესტო აქციების მონაწილეებისთვის შეზღუდვებს ითვალისწინებს
საფრანგეთის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც საპროტესტო აქციების მონაწილეებისთვის შეზღუდვებს ითვალისწინებს და სამართალდამცველების უფლებამოსილებას ზრდის.
დეპუტატების განმარტებით, აღნიშნული კანონის მიზანია დემონსტრაციების დროს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა და უსაფრთხოების გაძლიერება.
კანონპროექტს სენატის 210-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 115-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. კანონპროექტი თებერვალში საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ დაამტკიცა.
კანონის მიხედვით, პოლიციას უფლება ექნება, სასამართლოს დადგენილების გარეშე მიტინგებში მონაწილეობა აუკრძალოს ხულიგნობაში ეჭვმიტანილ პირებს. კანონის დარღვევა 7 500 ევროს ოდენობის ჯარიმას ან ექვსთვიან პატიმრობას ითვალისწინებს.
დემონსტრანტებს ასევე აეკრძალებათ ნიღბების ტარება. საკანონმდებლო ინიციატივის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ კანონი შეკრების თავისუფლების უფლებას ზღუდავს. უფლებადამცველები კანონპროექტს „ყვითელჟილეტიანთა“ მოძრაობის პროტესტებს უკავშირებენ.