საფრანგეთის საზღვაო ძალებმა ლა მანშის სრუტეში რუსეთის სატვირთო ხომალდი დააკავეს
საფრანგეთის საზღვაო ძალებმა ლა მანშის სრუტეში რუსეთის სატვირთო ხომალდი დააკავეს, რომელიც სანქტ-პეტერბურგისკენ მიცურავდა.
ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს, როგორც ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განუცხადეს, გემი დაკავებულია ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფარგლებში. გემი საფრანგეთის ჩრდილოეთით მდებარე ბულონ-სურ-მერის პორტში გადაჰყავთ.
127 მეტრის სიგრძის რუსეთის სატვირთო ხომალდი სახელწოდებით „ბალტიური ლიდერი“ ავტომობილებით არის დატვირთული. საფრანგეთის ხელისუფლების ცნობით, ხომალდის მფლობელი კომპანია ევროკავშირის სასანქციო სიაშია მოხვედრილი. ფრანგული მხარის ცნობით, გემის ეკიპაჟი საფრანგეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობს.
რუსული სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, საფრანგეთში რუსეთის საელჩო საფრანგეთის ხელისუფლებისგან ხომალდის დაკავების გამო ახსნა-განმარტებებს ითხოვს.