საფრანგეთის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიის თანამშრომლები გაფიცვას იწყებენ
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის შრომითი რეფორმის საწინააღმდეგოდ, სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიის თანამშრომლები გაფიცვას იწყებენ.
პროფკავშირმა გაფიცვა 2 აპრილის საღამოდან გამოაცხადა. გეგმის თანახმად, 48 საათიანი გაფიცვები ყოველ 3-5 დღეში, 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
პროტესტი საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრის ხარჯების დამზოგავ რეფორმას უკავშირდება, რომელიც სარკინიგზო კომპანიის ვალის შემცირებას და ინდუსტრიის ნაწილის პრივატიზებას ისახავს მიზნად.
მაკრონის მთავრობას სხვა ინდუსტრიების მსგავსი ახალი კონტრაქტების დადება სურს. რეფორმის მიზანია, ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, 2023 წლის შემდეგ კონკურენციისთვის ღიაობა.
საფრანგეთის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიის თანამშრომლები განსხვავებული შრომითი პირობებით სარგებლობენ, რაც წლიური ანაზღაურების ავტომატურ ზრდას, პენსიაზე ვადამდელ გასვლას, გათავისუფლებისგან დაცვას და 28 დღიან ანაზღაურებად შვებულებას გულისხმობს.