საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - საფრანგეთი გმობს აზერბაიჯანის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყებას მთიან ყარაბაღში, ვერანაირი საბაბი ვერ გაამართლებს ასეთ ცალმხრივ ქმედებას
საფრანგეთი აზერბაიჯანს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შეტევა და დაუბრუნდეს საერთაშორისო სამართლის პატივისცემას.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, საფრანგეთი მკაცრად გმობს აზერბაიჯანის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყებას მთიან ყარაბაღში მძიმე შეიარაღების გამოყენებით, მათ შორის დასახლებული ტერიტორიების წინააღმდეგ.
საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვერანაირი საბაბი ვერ გაამართლებს ასეთ ცალმხრივ ქმედებას, რაც საფრთხეს უქმნის ათასობით მშვიდობიანი მოქალაქეს, რომლებიც ისედაც დაზარალდნენ თვეების განმავლობაში უკანონო ბლოკადით.
„არსებული ვითარება აზერბაიჯანს აკისრებს მთიანი ყარაბაღის მშვიდობიანი მოსახლეობის ბედზე პასუხისმგებლობას. საფრანგეთი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უსაფრთხოების საბჭოს სხდომის საგანგებო მოწვევას ითხოვს. პარიზი მჭიდროდ თანამშრომლობს თავის ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან, რათა უზრუნველყოს ძლიერი პასუხი ამ მიუღებელ შეტევაზე“, – აღნიშნულია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ განაცხადა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, „სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების მიერ აზერბაიჯანის არმიის პოზიციების სისტემატური დაბომბვა ყარაბაღის რეგიონში, ტერიტორიების განგრძობადი დანაღმვა, სამუშაოების ჩატარება საინჟინრო, საბრძოლო პოზიციების გასაუმჯობესებლად, აგრეთვე სანგრების რაოდენობის გაზრდა ბოლო თვეებში კიდევ უფრო დიდი დაძაბულობის მიზეზი გახდა“.
ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს განთავსებული.