საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ და ავსტრალია ტყუილში დაადანაშაულა
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ივ ლე დრიანის თქმით, პარიზსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობაში კრიზისია. ასე შეაფასა ჟან-ივ ლე დრიანმა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მიერ გაფორმებული უსაფრთხოების პაქტი, რომლის მიხედვითაც, ავსტრალია აშშ-ისგან ბირთვული წყალქვეშა ნავების წარმოებისთვის აუცილებელ ტექნოლოგიას მიიღებს. შედეგად კი კანბერა გაწყვეტს 37 მილიარდ დოლარად შეფასებულ კონტრაქტს პარიზთან.
ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის აღნიშნულმა ნაბიჯმა გაართულა პარიზის ურთიერთობები ნატო-სთან.
„კითხვის ნიშნის ქვეშ დგება აშშ-თან კავშირის სიმტკიცე. თუ ვსაუბრობთ ნამდვილ ალიანსზე, მაშინ ამ ალიანსის წევრები ერთმანეთს ესაუბრებიან, პატივისცემით ეკიდებიან ერთმანეთს, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა“, – განაცხადა ჟან-ივ ლე დრიანმა.
მისივე თქმით, მომხდარმა საფრთხის ქვეშ დააყენა ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფციაც. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაშინგტონი და ავსტრალია ტყუილში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ასეთი ქმედება მიუღებელია. ჟან-ივ ლე დრიანის ინფორმაციით, პარიზში ვაშინგტონის, ლონდონისა და კანბერას შეთანხმების შესახებ მის გაფორმებამდე ერთი საათით ადრე შეიტყვეს.
„ჩვენ გავიწვიეთ ჩვენი ელჩები ვაშინგტონისა და კანბერადან სიტუაციის ანალიზისთვის. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, ამის აუცილებლობა არ არსებობს. ჩვენ ვიცით მათი მუდმივი ოპორტიუნიზმის შესახებ. ამიტომ ელჩის გაწვევა აუცილებლობას არ წარმოადგენდა“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, მომხდარის გათვალისწინებით, ნატო-ს 2022 წელს მადრიდში დაგეგმილ სამიტზე სტრატეგიის გადახედვა მოუწევს. ხოლო საფრანგეთი 2022 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის რანგში პრიორიტეტულ საკითხად ევროკავშირის უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებას დააყენებს.