საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩრდილოეთ კორეის არმიის უკრაინის ომში რუსეთის სასარგებლოდ ჩართულობა ომის სერიოზული ესკალაციაა
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის რეგულარული არმიის უკრაინის ომში რუსეთის სასარგებლოდ ჩართულობა ომის სერიოზული ესკალაციაა.
ჟან ნოელ ბაროტმა ეს განცხადება კიევში უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის დროს გააკეთა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ პირველი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა. ის ხვალ ქვეყნის აღმოსავლეთში ჩავა, სადაც საფრანგეთი გეგმავს, რომ ომით დაზარალებული ბავშვების დაცვის ორი ახალი ცენტრი გახსნას.
ბაროტის თქმით, ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთის სასარგებლოდ უკრაინის ომში თავისი სამხედროების გაგზავნა კონფლიქტის უფრო მწვავე საფეხურზე გადატანისთვის ბიძგი იქნება.
„ეს კონფლიქტის ახალ საფეხურზე გადასატანი სერიოზული ბიძგი იქნება, უფრო მწვავე საფეხურზე“, – განაცხადა ბაროტმა.
თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიჰამ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა ომის ესკალაციას და ომის საზღვრების გაფართოებას ნიშნავს.
გარდა ამისა, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პარიზი ღია იყო უკრაინისთვის ნატო-ში გაწევრიანების მიწვევის დაუყოვნებლივ გაკეთებისთვის, თუმცა ამ საკითხზე მოლაპარაკებები მოკავშირეებთან გაგრძელდება.