საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩინეთი და რუსეთი საკუთარი ვაქცინებით პოლიტიკური გავლენის მოპოვებას ცდილობენ, იმის ნაცვლად, რომ ჯერ საკუთარი მოქალაქეები აცრან
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ რუსული ვაქცინა პროპაგანდის იარაღია. ჟან-ივ ლე დრიანის თქმით, მოსკოვი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას „აგრესიული დიპლომატიისთვის იყენებს და არა სოლიდარობისა და ჯანდაცვის სფეროში დახმარებისთვის“.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე მიიჩნევს, რომ ანალოგიურად იქცევა ჩინეთიც და „სინოფარმის“ ვაქცინას პოლიტიკური გავლენის გაძლიერების ინსტრუმენტად იყენებს.
ამის მაგალითად ფრანგმა დიპლომატმა რუსული და ჩინური ვაქცინების ტუნისსა და სენეგალში ჩატანა დაასახელა.
„ჩინეთი და რუსეთი საკუთარი ვაქცინებით პოლიტიკური გავლენის მოპოვებას ცდილობენ, იმის ნაცვლად, რომ ჯერ საკუთარი მოქალაქეები აცრან“, – განაცხადა ჟან-ივ ლე დრიანმა.
მანამდე, ანალოგიური ბრალდება მოსკოვსა და პეკინს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმაც წაუყენა.
ევროკავშირის ქვეყნებიდან ამჟამად რუსული ვაქცინა მხოლოდ უნგრეთშია შეტანილი.