სლოვაკეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული წარმოების ვაქცინით მოქალაქეთა იმუნიზაცია დაიწყო
სლოვაკეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული წარმოების ვაქცინით მოქალაქეთა იმუნიზაცია დაიწყო

სლოვაკეთი ევროკავშირის მეორე ქვეყანა გახდა უნგრეთის შემდეგ, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული წარმოების ვაქცინით, Sputnik V ვაქცინაცია დაიწყო. სლოვაკეთმა რუსული ვაქცინა მოხმარებისთვის 26 მაისს დაამტკიცა. ქვეყანას ამ დროისთვის Sputnik V-ის 200 000 დოზა აქვს ხელმისაწვდომი, თუმცა, როგორც „ევრონიუსი“ აღნიშნავს, ამ ვაქცინით აცრაზე ჯერ მხოლოდ 5 000 ადამიანია რეგისტრირებული.

სლოვაკეთში Sputnik V-ით აცრა რეკომენდებულია 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებში. რუსული ვაქცინა ხელმისაწვდომია ვაქცინაციის რვა ცენტრში. აღსანიშნავია, რომ ევროპის წამლის სააგენტოს, ასევე ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციას Sputnik V დამტკიცებული არ აქვთ.

სლოვაკეთის 5,4-მილიონიან მოსახლეობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა 1,8 მილიონ მოქალაქეს აქვს გაკეთებული, აქედან 950 000-ზე მეტი ადამიანი სრულად არის ვაქცინირებული. ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესი ამ დრომდე „ფაიზერ“/„ბიოენტექის“, „ასტრაზენეკასა“ და „მოდერნას“ პრეპარატებით მიმდინარეობდა. სამივე ჩამოთვლილი ვაქცინა დამტკიცებულია ევროპის წამლის სააგენტოს მიერ. სლოვაკეთი ასევე გეგმავს იმუნიზაციის პროცესში „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინის ჩართვას.

მარტში Sputnik V-ის ორი მილიონი დოზის შეძენის შესახებ სლოვაკეთის მთავრობის საიდუმლო გარიგებას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ იგორ მატოვიჩის გადადგომა და მთავრობის დაშლა მოჰყვა.