სლოვაკეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული წარმოების ვაქცინით მოქალაქეთა იმუნიზაცია დაიწყო
სლოვაკეთი ევროკავშირის მეორე ქვეყანა გახდა უნგრეთის შემდეგ, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული წარმოების ვაქცინით, Sputnik V ვაქცინაცია დაიწყო. სლოვაკეთმა რუსული ვაქცინა მოხმარებისთვის 26 მაისს დაამტკიცა. ქვეყანას ამ დროისთვის Sputnik V-ის 200 000 დოზა აქვს ხელმისაწვდომი, თუმცა, როგორც „ევრონიუსი“ აღნიშნავს, ამ ვაქცინით აცრაზე ჯერ მხოლოდ 5 000 ადამიანია რეგისტრირებული.
სლოვაკეთში Sputnik V-ით აცრა რეკომენდებულია 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებში. რუსული ვაქცინა ხელმისაწვდომია ვაქცინაციის რვა ცენტრში. აღსანიშნავია, რომ ევროპის წამლის სააგენტოს, ასევე ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციას Sputnik V დამტკიცებული არ აქვთ.
სლოვაკეთის 5,4-მილიონიან მოსახლეობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა 1,8 მილიონ მოქალაქეს აქვს გაკეთებული, აქედან 950 000-ზე მეტი ადამიანი სრულად არის ვაქცინირებული. ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესი ამ დრომდე „ფაიზერ“/„ბიოენტექის“, „ასტრაზენეკასა“ და „მოდერნას“ პრეპარატებით მიმდინარეობდა. სამივე ჩამოთვლილი ვაქცინა დამტკიცებულია ევროპის წამლის სააგენტოს მიერ. სლოვაკეთი ასევე გეგმავს იმუნიზაციის პროცესში „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინის ჩართვას.
მარტში Sputnik V-ის ორი მილიონი დოზის შეძენის შესახებ სლოვაკეთის მთავრობის საიდუმლო გარიგებას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ იგორ მატოვიჩის გადადგომა და მთავრობის დაშლა მოჰყვა.