ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, ჩინეთის შესაბამისი უწყებების მხრიდან არის დასტური „სინოფარმის“ კიდევ ნახევარი მილიონი დოზის საქართველოსთვის ეტაპობრივად მოწოდებაზე
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, ჩინეთის შესაბამისი უწყებების მხრიდან არის დასტური „სინოფარმის“ კიდევ ნახევარი მილიონი დოზის საქართველოსთვის ეტაპობრივად მოწოდებაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ როგორც მას აქვს ინფორმაცია, ჩინეთის შესაბამისი უწყებების მხრიდან არის დასტური ივნისის დასაწყისიდან „სინოფარმის“ კიდევ ნახევარი მილიონი დოზის ეტაპობრივად მოწოდებაზე.

მისივე თქმით, ვინაიდან „სინოფარმმა“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაცია მიიღო, დიდი ალბათობით, ვაქცინა განთავსდება „კოვაქს პლატფორმაზე“.

„ჯანდაცვის მსოფლიო ავტორიზაცია გახლავთ ერთ-ერთი უმაღლესი რანგი ავტორიზაციის. ამ ეტაპზე „სინოფარმის“ 100 ათასი დოზაა შემოტანილი ქვეყანაში. ის ორჯერადად კეთდება 3-4 კვირის გამოშვებით და განსაზღვრულია 50 ათასი ადამიანისთვის. ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ჩინეთის შესაბამის უწყებებთან და როგორც ვიცი, არის დასტური მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში კიდევ ნახევარი მილიონი დოზა „სინოფარმის“ ეტაპობრივად მოწოდებაზე. ამავე დროს, რადგან მან მიიღო უკვე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაცია, დიდი ალბათობით, ის განთავსდება „კოვაქს პლატფორმაზე“, რომელიც უკვე „კოვაქსის“ წევრ ქვეყნებს, რომელშიც საქართველოც შედის, მიეწოდება ისევე, როგორც სხვა ვაქცინები, რომლებიც „კოვაქს პლატფორმაზე“ იქნება განთავსებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, ამავე საკითხზე გუშინ ისაუბრა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და აღნიშნა, რომ „სინოფარმის“ ვაქცინის იმ რაოდენობის გარდა, რომელიც მოქალაქეების მიერ დღეს უკვე დაჯავშნილია, ხელმისაწვდომია კიდევ 100 000 დოზა, ივნისის თვეში ელოდებიან ვაქცინის დამატებით 250 000 დოზას, ხოლო მოლაპარაკება მიმდინარეობს „სინოფარმის“ კიდევ 250 000 დოზაზე.