დღეიდან ესპანეთში ჩასვლა ჩინური ვაქცინებით აცრილ ტურისტებსაც შეუძლიათ
დღეიდან ესპანეთში ჩასვლა ჩინური ვაქცინებით აცრილ ტურისტებსაც შეუძლიათ

დღეიდან ესპანეთში ჩასვლა ჩინური ვაქცინებით აცრილ ტურისტებსაც თავისუფლად შეეძლებათ.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ვაქცინირებულ მოგზაურებს ექნებათ შესაძლებლობა, დაუბრკოლებლად ჩავიდნენ ესპანეთის ტერიტორიაზე, თუ ისინი აცრილები არიან როგორც „ფაიზერის“, „მოდერნას“, „ასტრაზენეკას“, „ჯონსონ და ჯონსონის“, ისე „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინებით, რომლებსაც საგანგებო გამოყენების ავტორიზაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე მისცა.

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ვაქცინაციის შესახებ ცნობა კომპეტენტური ორგანოების მიერ უნდა იყოს გაცემული. ამასთან, მოგზაურებს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ესპანეთში შესვლამდე სულ მცირე 14 დღით ადრე უნდა ჰქონდეთ გაკეთებული.

ამასთან, ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ესპანეთში ჩასვლა კვლავ აკრძალულია. მათ შორის არიან ბრაზილიის, ინდოეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქეები.