საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ პარიზი აშშ-სგან ავსტრალიასა და დიდი ბრიტანეთთან გაფორმებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით განმარტებებს ელოდება
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი აცხადებს, რომ პარიზი აშშ-სგან ავსტრალიასა და დიდი ბრიტანეთთან გაფორმებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით განმარტებებს ელოდება.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე კვირის ბოლოს ემანუელ მაკრონსა და ჯო ბაიდენს შორის მოლაპარაკებები გაიმართება.
„მე არ დავიწყებ სპეკულირებას პრეზიდენტ მაკრონსა და ბაიდენს შორის უახლოეს დღეებში დაგეგმილ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ეს განხილვები გაიმართება. რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ საქმე ეხება არა მხოლოდ 2016 წლის კონტრაქტის უხეშ, მოულოდნელ და აუხსნელ დარღვევას. უპირველეს ყოვლისა, ახლა მნიშვნელოვანია პარტნიორებს შორის ნდობის დარღვევა, რადგან პარტნიორობა ალიანსში ნიშნავს გამჭვირვალობას და პროგნოზირებადობას. ეს საჭიროებს განმარტებებს“, – განაცხადა ჟან-ივ ლე დრიანმა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აშშ-მა უნდა გაითვალისწინოს ევროპელი მოკავშირეების ინტერესები.
უსაფრთხოების სფეროში ახალი პარტნიორობის შექმნის შესახებ აშშ-მა, ავსტრალიამ და ბრიტანეთმა 15 სექტემბერს განაცხადეს. შეთანხმების ფარგლებში, ავსტრალია, აშშ-ისა და ბრიტანეთის დახმარებით, სულ მცირე რვა წყალქვეშა ნავის აგებას აპირებს, რომლებიც ბირთვული ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი.
სამმხრივი ხელშეკრულების გამო, ავსტრალიამ საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულება გააუქმა, რასაც პარიზში „ზურგში დანის ჩარტყმა“ უწოდეს. გაფორმებული სამმხრივი შეთანხმების გამო, საფრანგეთმა კონსულტაციებისთვის აშშ-დან ელჩი გაიწვია.