საფრანგეთის პრეზიდენტი რუსეთს სავარაუდოდ მაისში ეწვევა. ემანუელ მაკრონი პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიპატიჟა.
ლიდერებმა ტელეფონით გვიან ღამით ისაუბრეს. გავრცელებული ცნობით, ემანუელ მაკრონი სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმში, საპატიო სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.
აღსანიშნავია, რომ ორი თვით ადრე, 18 მარტს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, სადაც ვლადიმერ პუტინი დამოუკიდებელ კანდიდატად არის წარდგენილი.
სატელეფონო საუბრისას, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მინსკის შეთანხმების შესრულება ჩიხში შევიდა.
საფრანგეთის ლიდერი ვითარების მოსაგვარებლად და ხალხის ტანჯვის შესამსუბუქებლად, კონკრეტული ზომების მიღების აუცილებლობას უსვამს ხაზს. ასევე საჭიროდ მიიჩნევს, საფრანგეთისა და გერმანიის მიერ შეთავაზებული ჰუმანიტარული ზომების დაუყოვნებლივ განხორციელებას.