საფრანგეთის პარლამენტმა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა
საფრანგეთის პარლამენტმა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

საფრანგეთის პარლამენტმა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა.

როგორც გამოცემა Politico წერს, კანონი კანდიდატებს უფლებას მისცემს, მიმართონ სასამართლოს, არჩევნების პერიოდში გამოქვეყნებული სადავო ინფორმაციის წაშლის მიზნით. ამას გარდა, საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, სოციალური ქსელები „ფეისბუქი“ და „ტვიტერი“ ვალდებულები იქნებიან, სარეკლამო კონტენტის დაფინანსების წყარო გაამხილონ.

„მოხარული ვარ, რომ პარლამენტმა მიიღო დაბალანსებული და ეფექტიანი ტექსტი, რომელსაც ეს საკითხი მნიშვნელოვან მასშტაბებზე აჰყავს და რომელიც გახდება ღირებული ინსტრუმენტი ჩვენი დემოკრატიის უკეთესად დასაცავად“, -განაცხადა საფრანგეთის კულტურის მინისტრმა, ფრანსუაზ ნისენმა.

კანონპროექტს მხარი დაუჭირეს ემანუელ მაკრონის ცენტრისტული პარტიის წევრებმა, რომლებიც პარლამენტში უმრავლესობას ფლობენ.

ახალი კანონპროექტი მწვავედ გააკრიტიკა ულტრა მემარცხენე პარტიის ლიდერმა, ჟან-ლუკ მელანშონმა, რომლის თქმითაც, აღნიშნული კანონი მიმართულია კრემლის მიერ დაფინანსებული ტელეკომპანია Russia Today-სა და სააგენტო Sputnik-ის აკრძალვისკენ.

როგორც Politico წერს, კანონპროექტი შესაძლოა, საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭოში გაასაჩივრონ, როგორც სიტყვის თავისუფლების შესაძლო შეზღუდვა.

კანონპროექტის თანახმად, საფრანგეთის სამაუწყებლო სამეთვალყურეო საბჭოს მიენიჭება ახალი უფლებამოსილებები, მათ შორის უცხო ქვეყნის მიერ კონტროლირებადი პროგრამების, ტელეარხების ტრანსლირების შეჩერების ან შეწყვეტის უფლება.