საფრანგეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ცეცხლის ჩასაქრობად ვერტმფრენებს ვერ გამოიყენებენ
საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად ყველა ზომას მიმართავენ, გარდა სახანძრო ვერტმფრენებისა.
მათი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის არის, რომ სახანძრო ვერტმფრენების გამოყენებით დაინგრევა ის კონსტრუქციებიც, რომელთა გადარჩენის შანსი არსებობს.
საფრანგეთის სამოქალაქო თავდაცვაში განმარტავენ, რომ სახანძრო თვითმფრინავები არ არის განკუთვნილი ამგვარი ოპერაციებისთვის, რადგან შესაძლოა, მათი გამოყენებით ტაძრის კედლებიც დაზიანდეს.
მას შემდეგ, რაც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გაჩნდა მრავალი ინტერნეტმომხარებელი საფრანგეთის ხელისუფლებას ცეცხლის ჩასაქრობად ავიაციის გამოყენებისკენ მოუწოდებდა. ამგვარი მოწოდება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოთქვა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში უკვე რამდენიმე საათია, ხანძარია. ბოლო ინფორმაციით, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხანძარი ტაძარში არსებულ რელიკვიებს არ შეხებია.
პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიკვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.