საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას სავარაუდოდ 15-20 წელი დასჭირდება
უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას სავარაუდოდ 15-20 წელი დასჭირდება, – ფრანგული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, კლემენტ ბონმა ფრანგულ „რადიო ჟუივთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ფრანგმა მინისტრმა მხარი დაუჭირა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივას, რომელიც ახალი ევროპული პოლიტიკური საზოგადოების შექმნას ითვალისწინებს, რომლის ფარგლებში უკრაინა და ევროკავშირის სხვა არაწევრი ქვეყნები მოიაზრებიან.
„თუ ვამბობთ, რომ უკრაინა 6 თვეში, ერთ წელიწადში, ორ წელიწადში შევა ევროკავშირში, ვიტყუებით. ეს არ არის სიმართლე. ამას ძალიან დიდი დრო სჭირდება და არ მინდა, ილუზიები და ტყუილი გავყიდოთ. თუ უკრაინელებს ვეუბნებით, „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროკავშირში, მაგრამ თქვენ ბოლომდე არ წაიკითხეთ კონტრაქტი, სქოლიოში ნათქვამია: ჰეი, ეს იქნება 15 წელიწადში“, მაშინ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვქმნით საფუძველს უკრაინელების მთელი თაობის იმედგაცრუებისთვის. ახალი ევროპული საზოგადოება არ არის ალტერნატივა უკრაინის ევროკავშირის წევრობისთვის და არ შეუშლის ხელს მის მომავალ ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს არის ევროკავშირის დამატებითი პროექტი, რომელსაც შეუძლია, შესთავაზოს კონკრეტული პოლიტიკური პროექტი ქვეყნებს, რომლებიც არ არიან ევროკავშირის ცენტრში, მაგრამ სურთ, დაუახლოვდნენ კავშირს“, – განაცხადა კლემენტ ბონმა.