საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროკავშირს სავარაუდოდ რამდენიმე წელიწადში შეუერთდებიან
საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროკავშირს სავარაუდოდ რამდენიმე წელიწადში შეუერთდებიან

საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი კლემან ბონი აცხადებს, რომ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროკავშირს სავარაუდოდ რამდენიმე წელიწადში შეუერთდებიან.

როგორც „სიენენი“ იტყობინება, ეს განცხადება მინისტრმა ფრანგულ მედიასთან ევროკავშირის ლიდერების არაფორმალურ სამიტამდე გააკეთა.

ამასთან, საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირში უკრაინის მიღება „ხვალ“ არ მოხდება.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ გვექნება ევროკავშირი, რომელიც უახლოეს რამდენიმე წელიწადში, არ ვიცი, როდის, გაფართოვდება სავარაუდოდ უკრაინაზე, მოლდოვაზე, საქართველოზე და შესაძლოა, სხვა ქვეყნებზე. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ არ იქნება იგივე ევროკავშირი, ის ვერ შეძლებს ფუნქციონირებას 45, 60 ან 70 მილიონი მეტი მცხოვრებით. ეს შეუძლებელია და ეს არ მოუტანს სარგებელს ევროპული პროექტის ეფექტიანობას“, – განაცხადა კლემან ბონმა.

მინისტრმა დაგმო უკრაინაში, მარიუპოლის სამშობიაროზე რუსეთის საჰაერო თავდასხმა და აღნიშნა, რომ მოქალაქეების წინააღმდეგ იერიშმა უფრო ინტენსიური სახე მიიღო. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან რაც შეიძლება სწრაფად თავის დაღწევაა საჭირო.

„რუსეთს იმის იმედი აქვს, რომ ჩვენ ის გვჭირდება. რუსული გაზის შეძენით, ჩვენ ვაფინანსებთ ვლადიმერ პუტინის ომს“, – განაცხადა კლემან ბონმა.