საფრანგეთის ელჩი - მოხიბლული ვარ, კორონავირუსთან დაკავშირებით როგორ მართავს პროცესს საქართველოს ხელისუფლება
საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა დიეგო კოლასმა კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში განხორციელებულ საპროფილაქტიკო ღონისძიებებს მაღალი შეფასება მისცა. ამის შესახებ ელჩმა თბილისის მერთან კახა კალაძესთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
„კორონავირუსთან დაკავშირებით ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა შესაბამისი უწყება, ქვეყნის მასშტაბით, მაღალი სტანდარტით აწარმოებს კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებელ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს. მოხიბლული ვარ, როგორ მართავს პროცესს ხელისუფლება,“ – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო თბილისსა და საფრანგეთის ქალაქებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის, ისაუბრეს ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტურიზმისა და სხვა მიმართულებებით ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე. დედაქალაქის მერმა საფრანგეთის ელჩს თბილისში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.
საფრანგეთის ელჩმა მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა.