საფრანგეთის ციხეში ჯიჰადისტი მსჯავრდებული მცველებს თავს დაესხა. ინციდენტი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე მკაცრი რეჟიმის ციხეში, კონდე-სურ-სარტში მოხდა.
„ბიბისის” ინფორმაციით, პატიმარ მიკელ ჩოლოს მეგობარი ქალი სტუმრობდა, რა დროსაც მათ ვიზიტორების მისაღები განყოფილება ჩახერგეს. არეულობის დროს მსჯავრდებულმა ცივი იარაღით ორი მცველი მძიმედ დაჭრა.
ინციდენტთან დაკავშირებით ციხის ტერიტორიაზე ოპერაცია ჩატარდა, რომლის დროსაც სამართალდამცველებმა მსჯავრდებული და მისი მეგობარი ქალი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მიკელ ჩოლოს მეგობარი მიღებული ჭრილობების შედეგად სამედიცინო ცენტრში დაიღუპა.
როგორც ცნობილია, პატიმარი მცველებს არაბული შეძახილების ფონზე დაესხა თავს. ადგილობრივმა ხელისფლებამ შემთხვევა ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა.
გამომძიებლების ცნობით, თავდასხმის იარაღი, კერამიკის დანა ციხის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, მსჯავრდებულის მეგობარმა ქალმა შეიტანა.
„ბიბისის“ ინფორმაციით, მიკელ ჩოლოს თავისუფლების აღკვეთა 30 წლით ჰქონდა მისჯილი. ის ისლამისტი ციხეში ყოფნის დროს გახდა. მიკელ ჩოლომ ციხეში 175 დღე ტერორისტ შერიფ შეკატთან ერთად გაატარა. შერიფ შეკატი სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმის ორგანიზატორი და შემსრულებელი იყო, რომელიც თავდასხმის შემდეგ სამართალდამცველებმა სასიკვდილოდ დაჭრეს. როგორც თავად მიკელ ჩოლო ამბობდა, მას შერიფ შეკატის მკვლელობისთვის შურისძიება სურდა.