საფრანგეთიდან ინგლისში მოსახვედრად ლა-მანშის სრუტის გადალახვის მცდელობისას რვა ადამიანი დაიღუპა
საფრანგეთიდან ინგლისში მოსახვედრად ლა-მანშის სრუტის გადალახვის მცდელობისას რვა ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბიბისი“ საფრანგეთის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
როგორც მედია წერს, რეზინის ნავმა, რომელზეც 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა, სანაპიროდან გასვლის შემდეგ მალევე დაიწყო ჩაძირვა, თუმცა საფრანგეთის სანაპირო დაცვამ ზღვაში დახმარების აღმოჩენა ვერ შეძლო.
მომხდართან დაკავშირებით საფრანგეთის ხელისუფლების მიერ დაწყებულია გამოძიება.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ლა-მანშის სრუტის გადალახვის მცდელობის შემთხვევები გაიზარდა. საფრანგეთის ხელისუფლების ცნობით, ამ შაბათ-კვირას მაშველებმა ოთხი სხვადასხვა ნავიდან 200 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. მიმდინარე წელს სრუტე 21 ათასზე მეტმა ადამიანმა გადალახა.
მიმდინარე თვეში ლა-მანშის სრუტეში ჩაიძირა ნავი, რომელზეც ათობით მიგრანტი იმყოფებოდა. დაიღუპა 12 ადამიანი.