საფრანგეთი და გერმანია კორონავირუსისგან დაზარალებული ევროკავშირის წევრების დასახმარებლად 500 მილიარდი ევროს ფონდის შექმნის ინიციტივით გამოვიდნენ
საფრანგეთი და გერმანია კორონავირუსის შედეგად დაზარალებული ევროკავშირის წევრების დასახმარებლად 500 მილიარდი ევროს ფონდის შექმნის ინიციტივით გამოვიდნენ. ანგელა მერკელისა და ემანუელ მაკრონის წინადადების მიხედვით, ევროკომისიამ ეს თანხა ფინანსურ ბაზრებზე უნდა ისესხოს და შემდეგ დახმარება გრანტების სახით გასცეს.
„ჩვენ გვინდა დროებითი ფონდის ჩამოყალიბება, რაც ევროკავშირის საბიუჯეტო ხარჯებს დაფარავს. არა სესხებს, არამედ საბიუჯეტო ხარჯებს – კონკრეტულ რეგიონებსა და სექტორებში, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდა“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
ამასთან, გრანტების დაბრუნება ეტაპობრივად მოხდება და დაწესდება შესაბამისი ვადა.
როგორც ვარაუდობენ, ამ წინადადებას ევროკომისია 27 მაისს ოფიციალურად წარადგენს. შემდეგ ამ გეგმას ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა უნდა დაეთანხმოს.