საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში ანტიკრიზისული ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტზე იმსჯელებენ
ანტიკრიზისული ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი მთავრობამ საკანონმდებლო ორგანოს დაუბრუნა. აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ 2020 წლის ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებზე დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ. ბიუჯეტის პროექტს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე წარადგენს.
„ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ანტიკრიზისულ ბიუჯეტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ. ოპოზიციის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტი საზოგადოების ინტერესებზე მორგებული არ არის. ოპოზიცია იმედს გამოთქვამს, რომ ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში მათ მიერ გამოთქმული შენიშვნები გათვალისწინებული იქნება.
განსხვავებულია მმართველი გუნდის პოზიცია. უმრავლესობის თქმით, 2020 წლის ბიუჯეტში საზოგადოების ყველა ინტერესი გათვალისწინებულია.
„რეგლამენტის მიხედვით წამყვან, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში კომენტარებით აბრუნებს მთავრობა რედაქტირებულ ვერსიას, რის შემდეგაც უკვე ახალი რედაქცია ბრუნდება პარლამენტში. დღეს სწორედ ამ რედაქციის განხილვა მოხდება აღნიშნულ კომიტეტზე, რის შემდეგაც უკვე პლენარულ სესიაზე გადავინაცვლებთ და იქ მოხდება, როგორც მისი განხილვა, ასევე მხარდაჭერა. ჩვენ მთელი ამ პროცესის განმავლობაში რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ვნახეთ ისეთი განცხადებები, რომლებიც საერთოდ აცდენილი არის საფინანსო მიმართულებას. მხოლოდ პოპულისტური განცხადებები იყო და საქმესა და შინაარსთან მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ასე რომ, ვფიქრობ, ბიუჯეტი არის ოპტიმალური და ის ზუსტად ასახავს იმ გამოწვევებსა და საჭიროებებს, რომლის წინაშე დღეს ყველაზე მეტად დგას ჩვენი ქვეყანაც და მოქალაქეებიც“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.