საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს კანონმდებლები საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშს მოუსმენენ. 300-გვერდიან დოკუმენტს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე დეპუტატებს თავად წარუდგენს.
ანგარიშში წარმოდგენილია ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური გარემო. ასევე, საუბარია ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის შესახებ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ინფლაციის საკითხებსაც შეეხება.
დეპუტატებს კობა გვენეტაძესთან შეკითხვები ძირითადად ლარის კურსთან დაკავშირებით ექნებათ.
„იქნება მოსმენა ყველა მიმართულებით, მათ შორის ინფლაციის საკითხებზე, საბანკო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საკითხებზე. ვფიქრობ, დეპუტატებს ექნებათ კითხვა ყველა მიმართულებით, მათ შორის ლარის კურსი, ლარის დევალვაცია, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, საბანკო ზედამხედველობის სხვადასხვა მიმართულებები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, გადარიცხვები, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, სიღარიბის შემცირება თუ სხვა მიმართულებები“, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ.
მისივე თქმით, საუბარი შეეხება ყველა საკითხს, რაც ეროვნული ბანკის კომპეტენციაშია.
„კაპიტალის ფაქტორები, შემოდინებები, ზრდა, ყველა ეს საკითხები, რომელიც ეროვნულ ბანკს ეხება. ვფიქრობ, კითხვები ექნება როგორ ოპოზიციას, ასევე უმრავლესობას და ველოდები ადეკვატურ პასუხებს ეროვნული ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობისგან“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.