საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებაზე მეორე მოსმენით იმსჯელა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ დუნდუას განცხადებით, კანონპროექტით განიმარტება შიდა აუდიტორული საქმიანობის ორი ძირითადი მიმართულება, მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობა, რაც მნიშვნელოვანია შიდა აუდიტის როლისა და საქმიანობის ფარგლების ხაზგასმისათვის.
კანონპროექტი ითვალისწინებს მოქმედი კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის დახვეწას, რომელიც განსაზღვრავს იმ ორგანიზაციებს, სადაც შეიძლება შიდა აუდიტის სუბიექტი შეიქმნას.
კანონპროექტით უქმდება დაწესებულებების შიდა აუდიტის სუბიექტების დებულებების პროექტების ჰარმონიზაციის ცენტრთან კონსულტაციის ვალდებულება.
კანონის 22-ე მუხლს ემატება მე-4 პუნქტი, რომელიც გულისხმობს შიდა აუდიტორული შემოწმების სხვადასხვა სახის გაერთიანების შესაძლებლობას.
ცვლილების მიხედვით, თითოეული შიდა აუდიტორი ვალდებულია, შეთავაზებულ პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობით განივითაროს პროფესიული შესაძლებლობები, გაიუმჯობესოს უნარები და გაიღრმაოს ცოდნა, ხოლო დაწესებულება ვალდებულია ხელი შეუწყოს მას.
კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.